ერთიანი საქართველოს ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტსა და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, პოზნერი დაბადების დღის გადასახდელად თბილისში არ ჩამოვიდოდა, თუ საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოების გარანტიებს არ მისცემდა.
"დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ბატონი პოზნერი არ არის ჩვეულებრივი ჟურნალისტი, ის არ არის ადამიანი, რომელიც ასე უცებ, უბრალოდ გადაწყვეტდა თავისი დაბადების დღის თბილისში აღნიშვნას, მით უმეტეს, ისეთი შემადგენლობით, რომელიც იყო და ეს არ იყო მხოლოდ მისი პირადი მეგობრები. ეს სერიოზული დატვირთვის დელეგაცია იყო.
ის რა თქმა უნდა, ჩამოვიდოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექნებოდა ხელისუფლებისაგან პირდაპირი და ძალიან ნათელი გარანტია უსაფრთხოების და შესაბამისი დახვედრის. ეს გამოჩნდა კიდეც დახვედრის დეტალებში, იმ განსაკუთრებულ პრივილეგიებში, რომელიც მიენიჭა ამ დელეგაციას და რომელიც არ აქვს საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას, ყველას, გარდა ქართული ოცნებისა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ.
ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. სამოქალაქო პროტესტის გამო პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანი პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს.
აქტივისტები აპროტესტებდნენ არ მხოლოდ პოზნერის საქართველოში შემოშვებას, არამედ ჩამოსული პირების მიერ კომენდანტის საათისა და შეკრების შეზღუდვის დარღვევას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოზნერი და მისი თანმხლები პირები კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.
ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".
რაც შეეხება თავად სერგეი გავრილოვს, 2019 წლის 20 ივნისს რუსი კომუნისტი დეპუტატი საქართველოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ეწვია და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ამას მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაარბია.